თბილისის კონფერენციის მონაწილეთა სია გამოქვეყნდა
თბილისში 1-4 ნოემბერს დაგეგმილი მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ”თბილისის სამიტი 2007: აღმოსავლეთ ევროპის მშენებლობა” დღეს საღამოს ”ქარვასლაში” გაიხსნება.
მონაწილეთა სიაში 100-ზე მეტი უცხოელი სტუმარი შედის. მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაროსლავ ნევეროვიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი და ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო.
მანამდე საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ კონფერენციაში რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტიც მიიღებდა მონაწილეობას.
კონფერენციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, განსახილველ საკითხთა შორისაა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და სეპარატისტული კონფლიქტები.
კონფერენციას პრეზიდენტი სააკაშვილი გახსნის, ხოლო მის შემდეგ სიტყვით გამოვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დანიელ ფრიდი. 2 ნოემბერს კონფერენციის პირველი ნაწილი თბილისში გაიმართება, ხოლო მეორე ნაწილს სიღნაღი უმასპინძლებს.
3-4 ნოემბერს დაგეგმილია კონფერენციის მონაწილეთა გამგზავრება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და აჭარაში.
კონფერენცია ემთხვევა 2 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)