სოხუმი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში ომის შესახებ საუბრობს

რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გამოიწვევს ახალ ფართომასშტაბიან ომს სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა მოითხოვეს მთავრობისაგან აღასრულონ გასულ წელს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე.


”რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ რეალურად კავკასიის რეგიონისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია საერთაშორისო თანამეგობრობაზე და დიდ სახელმწიფოებზე, რომლებიც მონაწილეობენ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში,”- იუწყება 31 ოქტომბერს აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობოების გაყვანაზე გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭომ, ”რომელიც არ არის დაინტერესებული ასეთი სახიფათო და უსაფუძვლო ნაბიჯებით”.


შამბამ ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოება ”უპასუხისმგებლო პოლიტიკის” გამო.


”საქართველოს შეიარაღებით, საერთაშორისო საზოგადოებამ შექმნა მთელი რეგიონის უპრეცედენტო მილიტარიზაციის პირობები. ეს ჯაჭვური რეაქციაა… ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტების განახლების სამწუხარო შედეგები,”- აღნიშნა შამბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)