”ხელისუფლებასთან პოლიტიკურად ვიბრძოლებთ” – პატარკაციშვილი

არჩევნების დანიშვნის მიზნით ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა იქნება ის ძირითადი საქმიანობა, რითაც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იქნება დაკავებული. ამის შესახებ პატარკაციშვილმა დღეს თბილისში ჩამოსვლისას განაცხადა.


”ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ არ მოგვწონს ხელისუფლება ვებრძოლოთ მათ პოლიტიკურად, გავმართოთ არჩევნები და მოიგოს შემდეგ არჩევნებზე ვინც უფრო ღირსეულია და ვისაც ხალხი აირჩევს  – ეს იქნება ძირითადი, რითაც ვიქნები დაკავებული,”- განუცხადა 2 ნოემბერს პატარკაციშვილმა ტელეკომპანიას ”იმედს”.

მან არ დააკონკრეტა აპირებს თუ არა მისვლას პარლამენტის წინ მიმდინარე ხალხმრავალ აქციაზე, თუმცა ადრინდელი განცხადების ციტირება მოახდინა:”აქციაზე ალბათ არ ვიქნები”.  


”მინდა რომ ყველაფერი მშვიდობიანად იყოს, მაქსიმალურად მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ არ გამოვიდეს კონსტიტუციური ფარგლებიდან,”- განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა, ”ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ვართ ბრძენი ხალხი… რომ დასავლურ ფასეულობებს არ ვუღალატებთ”.


28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი დააფინანსებს ოპოზიციას, რათა მათ ”ცივილიზებული” გზით ჩაატარონ საპროტესტო აქციები. ამის შემდეგ მან ტელეკომპანია ”იმედის” კუთვნილი აქციები ერთი წლით მართვის უფლებით ამერიკელ პარტნიორებს გადასცა. 


ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა 17 ოქტომბერს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ მისი ხედვის გამოქვეყნება. 10 ოქტომბერს ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შეიძლება აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.

იმავდროულად, დღეს პარლამენტის მიმდებარე შენობაზე, სადაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია განთავსებული, გადმოკიდეს დიდი პლაკატი, რომელზეც გამოსახულია ბადრი პატარკაციშვილის კარიკატურა, რომელიც მართავს მარიონეტულ თოჯინებს ოპოზიციის ლიდერთა გამოსახულებით. პლაკატზე გაკეთებულია წარწერა – ”ბადრიონეტები”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)