ბურჯანაძე: არ ვაპირებთ ხალხის პრობლემების იგნორირებას
ყველა ის პრობლემა, რომელმაც ადამიანები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მიიყვანა, საფუძვლიანია და ხელისუფლება პირდება ხალხს, რომ მათ წუხილებზე რეაგირებას მოახდენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 6 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
”ამ რეაგირებას ეს ადამიანები აუცილებლად დაინახავენ,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”პარლამენტის წინ მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც სრულიად განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდათ, რომელთაც ბევრი რამ აწუხებთ და რომელთაც აქვთ საფუძველი იმისა, რომ მოთხოვონ ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს… ჩვენ არცერთი წუთით თვალს არ ვხუჭავთ ამ ადამიანების პრობლემებზე და არ ვაპირებთ მათი პრობლემების იგნორირებას… ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერს გააკეთებს მათ მოსაგვარებლად”.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ასევე აღიარა, რომ ხელისუფლებას გარკვეული შეცდომები აქვს დაშვებული: ”ზოგი მცირე, ზოგიც უფრო მტკივნეული და სერიოზული”.
ბურჯანაძემ ოპოზიციასთან ”კონსტრუქციული დიალოგის” გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა გაიმეორა პრეზიდენტის პოზიცია, რომ არჩევნების თარიღის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოწევასთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს, კომპრომისი არ იქნება.
”ამ ხალხმა ჩვენ აგვირჩია იმიტომ, რომ გადაწყვეტილების ტვირთი ავიღოთ ჩვენ თავზე და არანაირი ზეწოლის პირობებში არ დავუშვათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ შედის ქვეყნის ინტერესში,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, არჩევნების თარიღის გადმოწევაზე მოთხოვნას ოპონენტები საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე აყენებენ.
თუმცა ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა იმ გარე ძალებზე, რომელთაც საქართველოში სტაბილურობა არ აწყობთ და იმედი გამოთქვა, რომ ამის გაანალიზების შედეგად ოპოზიციის ნაწილი გაემიჯნება არსებულ პროტესტს.
”მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სწორ ანალიზს გააკეთებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გაემიჯნება ამ პროცესებს,”- აღნიშნა მან.
”რატომ მოხდა ასეთი აქტუალიზაცია ასეთი პოლიტიკური კრიზისისა და რა იყო ამის რეალური მიზანი? რატომ უნდათ გადმოგვრთონ იმ პრობლემებზე, რომელსაც ყოველწუთიერი პოლიტიკური მცირე ან დიდი ხანძრის ჩაქრობა, ცილისწამების რეჟიმში ყოფნა ჰქვია?
იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოს ძალიან სერიოზულად უყურებენ, დაინახეს, რომ საქართველოს მართლა გაუჩნდა ძალიან სერიოზული შანსი იმისა, რომ დგება ფეხზე, ხდება მართლაც ნორმალური ქვეყანა, მიდის სწორ გზაზე, გახდება ნატოს წევრიც, გააერთიანებს თავის ტერიტორიებსაც, დააბრუნებს დევნილებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში და ნებისმიერ ამ ადამიანს, ვისაც მართლა გული შეტკივა ამ ქვეყანაზე, მისცემს კონკრეტულ შესაძლებლობას რომ თავისი ძალისხმევა მოახმაროს მის ქვეყანას… დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანას, ამ ხელისუფლებას ხალხთან ერთად ხელი შეუშალო – ეს არის დღეს მთავარი ამოცანა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)