პოლიციამ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაშალა, თუმცა ოპოზიცია მიტინგებს აგრძელებს

დღეს დილით, დაახლოებით 8 საათისთვის სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალეს და რამდენიმე პიროვნება დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით. დაკავებულთა შორისაა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელი გოგა ხაინდრავა.


ტელეკომპანიების ცნობით, პოლიციამ არ მისცა მათ საშუალება გადაეღოთ აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა. ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით, სამართალდამცავებმა ვიდეოკამერა წაართვეს. ტელევიზიების მიერ გავრცელებული ვიდეომასალით, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი, მათ შორის მოშიმშილეები, პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიიდან გაყარეს.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დაგმო დილით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დარბევის ფაქტი.


”მათ განაცხადეს, რომ თითქოს გახსნეს გზის სავალი ნაწილი, მაგრამ კადრებში აშკარად ჩანს, რომ რეალურად მოხდა კიბეებზე მდგომი მოშიმშილეების აყრა და წამოყვანა იქიდან და ზოგიერთი მათგანის დაკავება,”- განაცხადა სუბარმა.


”რაც შეეხება თბილისის მერის განცხადებას, რომ თბილისი არასოდეს არ იქნება კარვების ქალაქი, მე მას შევახსენებ, რომ კარვების ქალაქი თვეების განმავლობაში იყო კიევი და იქ დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხია,”- განაცხადა სუბარმა, ”როცა ხელისუფლება ვერ ითმენს შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლებას ეს დემოკრატიის ნაკლებობაზე მიუთითებს მხოლოდ”. 


იმავდროულად, დღეს დილით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს დედაქალაქი კარვების ქალაქად გადაიქცეს. მისი თქმით, აუცილებელი იყო ასევე რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა. 


ოპოზიციამ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მოშიმშილეებისათვის, რომლებსაც წვიმიან ამინდში უწევდათ ღია ცის ქვეშ ყოფნა, კარვების დადგმას აპირებდნენ პარლამენტის შენობის წინ. 


”დიახ, ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ, რომ თბილისი არ გადაქცეულიყო კარვების ქალაქად, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის კანონის მოთხოვნა,”- განაცხადა უგულავამ, ”2 ნოემბრის შემდეგ არანაირი ლეგალური საფუძველი იმისა, რომ ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე არ მოძრაობდეს არ არსებობდა”.


”ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება და ფეხით სავალ ნაწილზე თითოეულ ამ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი პროტესტი გამოხატოს, ამის შესაძლებლობა აქვს”, – განაცხადა უგულავამ. 

იმავდროულად, პოლიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია სამართალდამცავებს არ დაუშლიათ. ”ჩვენ აღვადგინეთ მოძრაობა თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე [რუსთაველის გამზირზე], რადგანაც უამრავი ხალხი გვთხოვდა გზის გახსნას,”- განაცხადა საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გრიგალაშვილმა.


”ეს იყო დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, ”როდესაც ოპოზიციის ლიდერებმა კარვების დადგმა გადაწყვიტეს, რაც კანონით არ არის ნებადართული, და როდესაც მათ გადაწყვიტეს დაძაბულობის შემდგომი გამწვავება, ხელისუფლებამ მიიღო კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუძლიათ აქციის გაგრძელება პარლამენტის წინ, გზის ჩაკეტვის გარეშე”.  


ამჟამად, რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი პარლამენტის წინ. ისინი პარლამენტის წინ პატარა მოედანზე არიან შეკრებილი და გარშემო პოლიციის კორდონი დგას, რომელიც საშუალებას არ აძლევს აქციის მონაწილეებს ქუჩა გადაკეტონ. 

This post is also available in: Русский (რუსული)