თბილისში გაზეთების უმეტესობა გაიყიდა
თბილისში 8 ნოემბერს, დღის პირველი საათისთვის გაზეთების უმეტესობა გაიყიდა.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხარდამჭერი ორი ტელეკომპანია დაიხურა, ხოლო დანარჩენ კერძო ტელეკომპანიებში საინფორმაციო გადაცემები შეწყდა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები რჩება ქვეყანაში ინფორმაციის მთავარი წყარო. გაზეთების ტირაჟი დაბალია, ხოლო ინტერნეტ საშუალებები ქვეყნის მოსახლეობის მაქსმიმუმ 7%-ისთვისაა ხელმისაწვდომი.
”ძალიან გახმაურებული მშვიდობიანი აქციებით მოსულმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია რამდენჯერმე დაარბია,” – წერს გაზეთი ”რეზონანსი”, ”მთელი დღის განმავლობაში უმრავლესობა სიტყვა ”დარბევაზე” ძალიან ღიზიანდებოდა. უმრავლესობის ლიდერები ჟურნალისტებს შენიშვნებს გვაძლევდნენ, რომ ეს არასწორი ტერმინია და ხელისუფლებას აქცია არ დაურბევია. აქციაზე სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ხელკეტები, წყლის ჭავლები და ცრემლსადენი გაზი. სცემდნენ ყველას უმოწყალოდ და, თკი ეს დარბევა არ იყო, მაშინ რა სახელი შეიძლება ეწოდოს ამას? ”
გაზეთი ”24 საათი” მთელ გამოცემას 7 ნოემბრის მოვლენებს უთმობს უამრავი ფოტოების თანხლებით. 8 ნოემბერს ”24 საათში” კომენტარები არ გაკეთებულა, მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)