”იმედი” შესაძლოა ”სულ ცოტა სამი თვე” დარჩეს გათიშული
News Corporation-ის განცხადებით, სპეცრაზმის შეჭრამ ტელეკომპანიის ოფისში უზარმაზარი ზარალი მიაყენა მის აღჭურვილობას, რის შედეგადაც ტელევიზია სულ ცოტა სამი თვე ვერ შეძლებს ამოქმედებას, იტყობინება Associated Press-ი.
ტელეკომპანია ”იმედის” დახურვა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით 5 იანვარს გაიმართება, დიდ დარტყმას მიაყენებს ოპოზიციის კანდიდატებს.
Associated Press-სთან სატელეფონო საუბრისას რუპერტ მერდოკმა განაცხადა: ”ჩვენ შოკირებული და აღშფოთებული ვართ იმით, რომ თითქოსდა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ შესაძლოა მომხდარიყო… რომ ტელეკომპანიებს რეალურად ხურავენ”.
მედიაჰოლდინგის ”იმედი” მფლობელია ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბრალს სდებს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში. გასულ თვეს ბიზნესმენმა ”იმედის” აქციები News Corporation-ს გადასცა ერთწლიანი ვადით მას შემდეგ, რაც მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციის კამპანია დაეფინანსებინა.
”ჩვენ მითითებას ვაძლევდით და ვაკონტროლებდით, რომ თითოეული გადაცემა ყოფილიყო აბსოლუტურად სამართლიანი, დაბალანსებული და ზომიერი,” – განაცხადა მან, ”თუმცა, ალბათ ისინი [ხელისუფლება] არ უყურებდნენ. ჩვენ ვთავაზობდით მათ პირდაპირ ეთერში მოსვლას და თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ 200 ჯალათი მოვიდა და ყველაფერი დაანგრია. ასევე მოექცა ხალხს,”- განუცხადა მერდოკმა Associated Press-ს.
ამასობაში, 9 ნოემბერს თბილისში გავრცელდა ხმები, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიას ლიცენზიის ჩამორთმევას უპირებს. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ეს ხმები უარყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)