ოპოზიცია პატარკაციშვილის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს
ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, რომლებიც ხელისუფლებასთან დიალოგს აწარმოებენ, აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილება გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი მისი კონსტიტუციური უფლებაა.
ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ლოზუნგით ”საქართველო სააკაშვილის გარეშე არის საქართველო ტერორის გარეშე”. ამის შესახებ 10 ნოემბერს ”როიტერი” იტყობინება.
”ეს არის ბადრი პატარკაციშვილის გადასაწყვეტი იყაროს კენჭი პრეზიდენტად, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციას საკუთარი კანდიდატურა ეყოლება,” – განუცხადა Civil.ge-ს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება კონსულტაციები გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდადატის თაობაზე.
”ის [ბადრი პატარკაციშვილი] საქართველოს მოქალაქეა და სრული უფლება აქვს იყაროს კენჭი პრეზიდენტად,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ”რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატურას, ამ საკითხზე ჯერ ჩვენ არ გვიმსჯელია”.
Civil.ge-ს კითხვაზე შეიძლება იყოს თუ არა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი, უსუფაშვილმა განაცხადა: ”ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას”.
”ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება იყაროს კენჭი პრეზიდენტად,”- განუცხადა Civil.ge-ს მრეწველების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ, ”ბატონი ბადრი საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა და მას ასევე აქვს შესაძლებლობა დააფინანსოს თავისი კამპანია”.
მრეწველები აცხადებენ, რომ შესაძლოა ახალი მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს დაუჭირონ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში. გამყრელიძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აპირებს პრეზიდენტად კენჭისყრას.
”ჩვენი სიმპათიები ჯერ-ჯერობით დავით გამყრელიძის მიმართ გამოვხატეთ,”- განაცხადა ტყემალაძემ, ”თუ დავით გამყრელიძე მოხსნის თავის კანდიდატურას, ამის შემდეგ გვექნება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით”.
”ბატონი ბადრი ამ ქვეყნის მოქალაქეა და უფლება აქვს, რომ ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ, ”მე არა მგონია, რომ იმ ფაქტმა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ხელი შეუშალოს მას. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ ის ფაქტები, რაც გაცხადდა დამაჯერებელი არ არის და ბატონი ბადრის გამოსვლაში დამხობისკენ მოწოდებები არ ყოფილა”.
”ამჟამინდელი პრეზიდენტი იმ დგომარეობაში იმყოფება, რომ ძალიან გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ვინმესთვის. მე ვფიქრობ, რომ ხალხის არჩევანი ოპოზიციურ კანდიდატზე იქნება. ვნახოთ კიდევ ვინ იქნება კონკურენტი”, – განაცხადა ჩიხრაძემ, ”ამ დროისთვის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია”.
საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა თავი შეიკავა პატარკაციშვილის გადაწყვეტილებაზე კომენტარისაგან.
”მე ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემ. რაც სურს, ის უნდა გააკეთოს. სურვილების შეზღუდვა არ შეიძლება”, – განუცხადა Civil.ge-ს სალომე ზურაბიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)