მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს

12 ნოემბერს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ”პროგრესს” მიაღწიეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, რამდენიმე სერიოზული პრობლემა კვლავ მოსაგვარებელია.


მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ხუთი ოპოზიციური პარტია – საქართველოს გზა, კონსერვატორები, რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები და მრეწველები, ხოლო ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, დეპუტატი გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე.


”შეთანხმება თითქმის მიღწეულია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორებიდან. ”ამ საკითხზე ადრე რომ დათანხმებულიყვნენ, ჩვენ ამ კრიზისს ავიცილებდით თავიდან. მათ თითქმის ყველა ჩვენი მოთხოვნა გაიზიარეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. თუმცა, დიალოგი კვლავ უნდა გაგრძელდეს”.


ოპოზიციური პარტიები არსებული მაჟორიტარული სისტემის შეცვლას და საარჩევნო ადმინისტრაციებში თავიანთი წარმომადგენლის შეყვანას ითხოვენ.


”ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის მოთხოვნების ქვაკუთხედი გახდა,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ, ”მე ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი მიზანი არის – და იმედი მაქვს ოპოზიციის მიზანიც ეს არის – რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს”.


თუმცა, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათთვის აქტუალური სხვა საკითხები, რომლებიც  ძირითადად ეხება საგანგებო მდგომარეობას, მედიის შეზღუდვებს და ”პოლიტიკურ რეპრესიებს ოპონენტების მიმართ” კვლავ შეუთანხმებელი რჩება. 


”სამწუხაროდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით შედეგები ვერ იქნა მიღწეული,” – განაცხადა კუკავამ, ”ვფიქრობთ, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს და ხელისუფლება ადექვატურად ვერ აფასებს არსებულ კრიზისს. მედიის შეზღუდვა და საგანგებო მდგომარეობა, ასევე რეპრესიები კვლავ ძალაშია. სიტუაცია არ შეცვლილა მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ [10 ნოემბერს]”.


”არის შემთხვევები, როდესაც იმ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს ესწრებოდნენ, ვიდეომასალიდან ცნობენ და ხორციელდება მათი ან დაპიტიმრება, ან დაშინება”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”თუმცა, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იმისა, რომ დასჯილიყვნენ პოლიციის თანამშრომლები ძალის გადაჭარბებით გამოყენების გამო დემონსტრაციების დარბევის დროს. მათ კობა დავითაშვილიც კი არ დაკითხეს, რომელიც სასტიკად სცემეს. ჩვენ მივმართავთ მათ: შეწყვიტეთ რეპრესიები რიგითი მოქალაქეების მიამრთ, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციებში”.


თუმცა, მაია ნადირაძემ უარყო ეს განცხადებები და აღნიშნა, რომ პოლიცია მხოლოდ იმ ფაქტებს იძიებს, სადაც ”ძალადობას ჰქონდა ადგილი პოლიციელების წინააღმდეგ” მომიტინგეების მხრიდან, რასაც პოლიტიკურ რეპრესიებთან არაფერი აქვს საერთო.


მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოლაპარაკებებს 14 ნოემბერს განაგრძობენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)