ბურჯანაძე: საგანგებო მდგომარეობა 16 ნოემბერს მოიხსნება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება 16 ნოემბერს და ქვეყანა ”ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თავის განცხადებაში, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა.
”ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი საზოგადოებისთვის,” – განაცხადა მან, ”იმედი მაქვს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, ქვეყანა განაგრძობს ნორმალურ დემოკრატიულ პროცესებს… დემოკრატია ერთ დღეში არ შენდება. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები შენარჩუნდება”.
მან ასევე დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა განაგრძოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა ”ეს პოლიტიკური კონსულტაციები კონკრეტული შედეგებით დასრულდეს”.
ხუთ ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 14 ნოემბერს საღამოს განახლდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)