კერძო საკუთრებაზე დავების უდიდესი ნაწილი შეწყდება
კერძო საკუთრებაზე არსებული დავების დაახლოებით 95% შეწყდება და მოხდება მათი ლეგალიზაცია, განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.
ამ ღონისძიებებს ითვალისწინებს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც ავალებს ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებს შეწყვიტონ სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრეებს შორის არსებული ქონებრივი დავები, გარდა იმ საქმეებისა, სადაც სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია.
ამდენად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ კერძო საკუთრების უმეტესობა, რომელზეც ივლისში ამოქმედებული ქონების ლეგალიზაციის შესახებ კანონი არ გავრცელდა, ასევე დაექვემდებარება ლეგალიზაციას.
ზაფხულში ოპოზიციამ გააკრიტიკა კერძო საკუთრების დაცვის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივით მიღებული კანონი იმის გამო, რომ ის არ ითვალისწინებდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას და არ ვრცელდებოდა იმ საკუთრებაზე, რომელზეც სასამართლო დავა მიმდინარეობდა. ქონების ლეგალიზაციის შესახებ კანონის მიღება განაპირობა კერძო საკუთრების ჩამორთმევის თუ სახელმწიფოსთვის იძულებით ჩუქების გახშირებულმა ფაქტებმა.
დღეს პარლამენტში განხილული დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დეკემბრის შუა რიცხვებამდე უნდა შეწყვიტონ 2007 წლის 1 აპრილამდე პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული დავები და ასევე მოითხოვონ სასამართლოში მიმდინარე საქმეების შეწყვეტა.
”პრაქტიკულად, ჩვენ ამ დადგენილების ამოქმედებით მოვახდენთ სრულ ლეგალიზაციას პრივატიზებული ქონებებისა და არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს და საგამოძიებო ორგანოს აღარ ექნება უფლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებების ხელახალი რევიზია,”- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
დადგენილებას პარლამენტი დღესვე უყრის კენჭს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)