ლიტვის პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა თბილისიდან გამგზავრებამდე შეხვედრა გამართა საქართველოს ოპოზიციური სპექტრის ლიდერებთან, სადაც განხილვის მთავარი თემა ტელეკომპანია ”იმედის” აღდგენა და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნა იყო.
”მივიღეთ სრული მხარდაჭერა იმაში, რომ დემოკრატიული პროცედურების დაცვის გარეშე ჩატარებული არჩევნები ეს იქნება ახალი პრობლემა ქვეყნისთვის,”- განაცხადა ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
ოპოზიციამ ანალოგიური შეხვედრა გუშინ თბილისში ვიზიტად მყოფ პოლონეთის პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთანაც გამართა, რის შემდეგაც მან და ლიტვის პრეზიდენტმა სამმხრივი მოლაპარაკებები გამართეს ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან.
კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატმა კახა კუკავამ ორი პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაფასა, როგორც ”გარღვევა”.
”მათ განაცხადეს, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ აღდგეს ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა და 5 იანვრის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ პირობებში,”- აღნიშნა კუკავამ.
იმავდროულად, დღეს ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შექმნილმა კოალიციამ მოუწოდა მოსახლეობას 25 ნოემბერს ”ძალადობის წინააღმდეგ” მანიფესტაციაში მონაწილეობისაკენ, რომელიც 14 საათზე რიყეზე დაიწყება და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება.
”პრეზიდენტი დღეს ან ხვალ პოსტს დატოვებს და ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას [არჩევნებზე] რომ ისევ მიხეილ სააკაშვილმა დაიკავოს ეს პოსტი,”- განაცხადა დღეს კოალიციის ლიდერების პრესკონფერენციაზე კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა, ”ჩვენ არ შევეგუებით იმ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება ტელეკომპანია ”იმედის” წინააღმდეგ და იმ ტერორს, რომელსაც აქვს ადგილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ”.
დღესვე ოპოზიციური პარტია ახალი მემარჯვენეები, რომელმაც მრეწველებთან და ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან ერთად კოალიცია შექმნა, გეგმავს ყრილობას, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებს დავით გამყრელიძეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)