გამყრელიძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში საომარ რიტორიკაზე უარს იტყვის

ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ 5 იანვრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უარს იტყვის საომარი რიტორიკასა და მოქმედებებზე კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.


”მე მზად ვარ მივცე ომის განუახლებლობის შესახებ შესაბამისი გარანტიები მათ [კონფლიქტურ რეგიონებს],”- განაცხადა დავით გამყრელიძემ დღეს მასმედიის წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.


იმავდროულად გამყრელიძე აცხადებს, რომ შეამცირებს თავდაცვის ხარჯებს, რაც საკმარისი იქნება ნატოს სტანდარტების, საკონტრაქტო სისტემაზე დაფუძნებული ჯარის შესანახად, რომელიც ”მზად იქნება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ანექსიის გამოწვევებს გაუმკლავდეს”.


მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი, რასაც ის მოიმოქმედებს კონფლიქტებთან მიმართებაში, ჩავა სოხუმში და დაიწყებს დიალოგს აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან.


”მე მსურს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ, როგორც თანაბრები და ვისაუბროთ კონფლიქტის მოგვარებაზე ერთიანი საქართველოს ფარგლებში. ვფიქრობ, ეს პროცესი გაცილებით გაადვილდება კონსტიტუციური მონარქიის ქოლგის ქვეშ,”- აღნიშნა გამყრელიძემ.


მისი საპრეზიდენტო კამპანიის გამოკვეთილი ნაწილია კონსტიტუციური მონარქიის იდეის მხარდაჭერა, თუმცა ის აცხადებს, რომ ამ იდეას თავს არ ახვევს ამომრჩეველს და ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფო მოწყობის რომელი მოდელი სურს.


გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ მოითხოვს რუსი სამშვიდობოების გაყვანას კონფლიქტური ზონებიდან და მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლებას ეცდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)