ბურჯანაძე გრიზლოვის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მოუწოდა რუსეთის ხელმძღვანელობას და საერთაშორისო თანამეგობრობას ”ადეკვატურად” შეაფასონ რუსეთის სათათბიროს ყოფილი სპიკერისა და 2 დეკემბრის არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტიის ლიდერის ბორის გრიზლოვის განცხადება სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში.
ბორის გრიზლოვმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი მოწვევის სათათბირო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართვებს დამოუკიდებლობის აღიარების და მათი რუსეთთან მიერთების თაობაზე იანვარში განიხილავს.
ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მან გადაიფიქრა არჩევნებში გამარჯვება მიელოცა ყოფილი კოლეგისთვის, ”რადგან ერთ-ერთ მთავარ თემად არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბატონი გრიზლოვის პრესკონფერენციისა იქცა აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხები”.
”ის, რომ რუსეთის ხელისუფლება ასეთ რთულ ვითარებაში კვლავ საუბრობს აფხაზეთისა და ოსეთისათვის თუნდაც იანვარში შესაძლო დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შესაძლოა განიხილონ საკითხი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვან აღშფოთებას იწვევს, ”- განაცხადა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა.
მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს რუსეთთან თანასწორი და ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობები.
”მე იმედი მქონდა, რომ ახალი არჩევნების შემდეგ, რომელიც რუსეთში ჩატარდა, სწორედ ამ ჭრილში გადავიდოდა აღნიშნული ურთიერთობები,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მაგრამ ამ ფონზე ნორმალური თანამშრომლობა ძალიან გართულდება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)