რადიო ”ჰერეთი” ზეწოლაზე საუბრობს

რადიოსადგურმა ”ჰერეთი”, რომელიც კახეთის რეგიონში მაუწყებლობს, განაცხადა, რომ მასზე ზემოქმედება და დაშინება ხორციელდება, მათ შორის იმ ბერკეტების გამოყენებით, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გააჩნია.


ლაგოდეხში განთავსებული რადიო ”ჰერეთის” ცნობით პიროვნება, რომელიც სავარაუდოდ, მმართველ პარტიაშია გაწევრიანებული, დაემუქრა რადიოსადგურის ხელმძღვანელობას, რომ მათაც ისევე დაარბევდნენ, როგორც ტელეკომპანია ”იმედს”, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესახებ კრიტიკული ინფორმაციის გაშვებას. ”ჰერეთის” განცხადებით, მას ამ საუბრის ჩანაწერიც აქვს, რომელიც რადიოსადგურის თანამშრომელმა ფარულად ჩაიწერა.


”ჰერეთის” ცნობით, ამ ფაქტს მოყვა გაფრთხილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან. კომისიამ განაცხადა, რომ რადიოსადგური შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს. ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობას შესაძლოა 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოყვეს.


სახალხო დამცველის აპარატმა, რომელმაც ასევე შეისწავლა ”ჰერეთის” საქმე, 5 დეკემბერს განაცხადა, რომ შეშფოთებულია რადიოსადგურზე  ზეწოლის გამო.


სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ”ჰერეთს” გააჩნია საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად ირკვევა, რომ სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთმა“  ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხა 1032 ლარი სალიცენზიო გადასახდელის 20% სახით. სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია განზრახ აფერხებს ლიცენზიის გაცემას. თუმცა, კომისიის ცნობით, ”ჰერეთმა” მხოლოდ რამდენიმე დღის წინ წარადგინა გადახდის საბუთი. შედეგად, კომისიამ 12 დეკემბრამდე უნდა გასცეს ლიცენზია.



       



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)