პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა 13-მდე შემცირდა
პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების 13-მა მსურველმა წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მხარდამჭერთა სიები, ვიდრე ამ პროცედურისთვის დადგენილი ვადა 6 დეკემბერს 18 საათზე ამოიწურებოდა.
თავდაპირველად, 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 22-მა ადამიანმა გამოთქვა, მოგვიანებით მათი რიცხვი 17-მდე შემცირდა, თუმცა ამ ეტაპზე მინიმუმ 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენის შემდეგ საპრეზიდენტო მარათონში ბრძოლას შემდეგი 13 მსურველი აგრძელებს.
მიხეილ სააკაშვილმა – ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა – 205 ათასი მხარდამჭერის სია წარმოადგინა.
თავდაპირველად, მმართველმა პარტიამ 140 000 ხელმოწერა წარადგინა, თუმცა მოგვიანებით დამატებითი სიები იქნა წარდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი საჭიროება არ არსებობდა.
ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლები 200 000 ხელმოწერის შეტანას აპირებდნენ. მოგვიანებით, პატარკაციშვილის წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 202 000 ხელმოწერა წარადგინეს.
დანარჩენი თერთმეტი კანდიდატია:
• დავით გამყრელიძე – ახალი მემარჯვენეები – 165 ათასი მხარდამჭერის სია;
• შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – 75 ათასი მხარდამჭერის სია;
• გია მაისაშვილი – საინიციატივო ჯგუფი – 68 ათასი მხარდამჭერის სია;
• ლევან გაჩეჩილაძე – პარტია ”თავისუფლება” – 63 ათასი მხარდამჭერის სია;
• არჩილ იოსელიანი – საინიციატივო ჯგუფი – 60 ათასი მხარდამჭერის სია;
• ირინა სარიშვილი – საინიციატივო ჯგუფი – 56 ათასი მხარდამჭერის სია;
• ქართლოს ღარიბაშვილი – საინიციატივო ჯგუფი – 52 ათასი მხარდამჭერის სია;
• ლევან ქიძინიძე – საინიციატივო ჯგუფი – 52 ათასი მხარდამჭერის სია;
• გიორგი შერვაშიძე – საინიციატივო ჯგუფი – 51 ათასი მხარდამჭერის სია;
• ავთანდილ მარგიანი – საინიციატივო ჯგუფი – 50 ათასი მხარდამჭერის სია;
• შალვა კუპრაშვილი – საინიციატივო ჯგუფი – 50 ათასი მხარდამჭერის სია.
ცესკო მხარდამჭერთა სიებს 3 დღის განმავლობაში გადაამოწმებს და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კანდიდატებს მათი გამოსწორებისთვის დამატებით 2-დღიან ვადას მისცემს. ამ პროცედურების შემდეგ, ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატები რეგისტრაციაში 11 დეკემბრამდე უნდა გაატაროს ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)