ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში მიესალმა ”იმედის” გახსნას
მიკლოშ ჰარაცი, ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ტელეკომპანია ”იმედის” გახსნის თაობაზე.
”მე მივესალმები ქვეყნის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნების ამ გამოხატულებას, რომ აღადგინოს მედიის მრავალფეროვნება და ხელი შეუწყოს სამართლიან კამპანიას 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის,” – განაცხადა ჰარაციმ 7 დეკემბერს, ”იმედი მაქვს, რომ მომავალში აღარ იქნება შეზღუდვები და ”იმედი” შეძლებს თავისი დამოუკიდებელი სარედაქციო კურსის შენარჩუნებას”.
მიკლოშ ჰარაცი საქართველოს ნოემბერში ესტუმრა, რათა ”იმედის” გარშემო არსებულ სიტუაციაში დახმარება აღმოეჩინა. 22 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ ”იმედი” დეკემბრის დასაწყისში განაახლებდა მაუწყებლობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)