”განაგრძეთ თავისუფალი მედიის, თავისუფალი არჩევნების მხარდაჭერა” – მიმართავს ნატო საქართველოს

ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 7 დეკემბერს მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას ”განაგრძონ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა”.


“ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, იმისდა მიუხედავად, თუ შემდგომში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალიანსი”, – ნათქვამია ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მიღებულ დასკვნით კომუნიკეში


მასში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსი ”თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს”.


”ჩვენ მივესალმებით ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს ეს პროგრესი რეფორმების განხორციელების კუთხით, ნატოს სტანდარტების და ღირებულებების შესაბამისად,” – ნათქვამია კომუნიკეში.


”ასევე მივესალმებით საქართველოს წვლილს KFOR-სა და ISAF-ში. ჩვენი სახელმწიფოები მიესალმებიან საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მის განზრახვას მშვიდობიანად მოაგვაროს კონფლიქტები თავის ტერიტორიაზე. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყანა კონსტრუქციულად ჩაერთოს რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში,” – ნათქვამია კომუნიკეში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)