მმართველი პარტია ”იმედის” ბოიკოტის შეწყვეტას გეგმავს
მმართველი პარტია და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებში, განაცხადა 7 დეკემბერს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერია.
”მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავაფიქსირო, რომ ”იმედის” ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა არიან პროფესიონალი და საკუთარი საქმის ერთგული ადამიანები, რომელთანაც ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”ჩვენი აზრით, სამწუხარო სწორედ ის არის, რომ ეს პროფესიონალი და ერთგული ადამიანები ზოგიერთმა არაპატიოსანმა ძალამ გამოიყენა საკუთარი კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის”.
ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლები წელიწადზე მეტია ბოიკოტს უცხადებდნენ ტელეკომპანია ”იმედს” და უარს აცხადებდნენ მის პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობაზე. შედეგად, ”იმედის” თოქ-შოუები ოპოზიციის არენად იქცა.
ტელეკომპანია ”იმედი” 7 ნოემბერს დარბევის შემდეგ დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის თავზე ხელისუფლებამ ტელეკომპანიას მაუწყებლობის განახლებაზე ნება დართო, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგანაც სტუდიის აპარატურა ან განადგურებულია, ან საერთოდ გამქრალია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)