პატრაკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარა 9 დეკემბერს.


პრო-რუსული პარტია ”იმედის” ლიდერი ირინა სარიშვილი ასევე დარეგისტრირდა კანდიდატად.


ცესკომ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატებს: გიორგი შერვაშიძეს, შევარდნაძის მმართველობის დროს შინაგანი ჯარების ყოფილ სარდალს; ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილს; ავთანდილ მარგიანს, 90-იანი წლების დასაწყისში შევარდნაძის მთავრობის ვიცე-პრემიერს; შალვა კუპრაშვილსა და არჩილ იოსელიანს.


”მათ ვერ წარმოადგინეს ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა,”- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.


ცესკომ 7 დეკემბერს რეგისტრაციაში გაატარა  პრეზიდენტობის სამი კანდიდატი – შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი; ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი; დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი. 6 დეკემბერს კი პირველ კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დარეგისტრირდა.


ცესკომ 11 დეკემბრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მომავლის პარტიის ლიდერის გია მაისაშვილისა და ლევან ქიძინიძის პრეზიდენტობის კანდიდატებად რეგისტრაციის თაობაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)