ბურჯანაძე მოუწოდებს რუსეთს ”ცუდად” არ გამოიყენოს საქართველოს საარჩევნო პროცესები
პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 10 დეკემბერს დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დამატებითი რუსული ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანის მცდელობას აქვს ადგილი და მოუწოდა რუსეთის ხელმძღვანელობას არ გამოიყენოს ”ცუდად” საქართველოში არსებული საარჩევნო სიტუაცია.
”ეს მცდელობა [აფხაზეთში დამატებითი ძალების შეყვანის] ნამდვილად არის”, – განაცხადა ბურჯანაძემ, ”და მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არ იქნას ცუდად გამოყენებული საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესები”.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების თბილისთან შეუთანხმებელი როტაციის საფარქვეშ დამატებითი ძალების კონცენტრირება ხდება.
ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისი ”კატეგორიულად” მოითხოვს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით მოქმედი რუსი სამშვიდობოების სარდალმა სერგეი ჩაბანმა შეწყვიტოს თავის მოვალეობების შესრულება.
”თუ შესაბამის დსთ-ს ძალებს სურს, რომ საქართველოსადმი თავის პატივისცემა გამოხატონ, ბუნებრივია, აუცილებლად მისი [ჩაბანის] საკითხი უახლოეს ხანებში დასმული უნდა იყოს,”- განუცხადა დღეს ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
სერგეი ჩაბანს 27 ნოემბერს დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭომ მანდატი მას შემდეგ გაუგრძელა, რაც ის თბილისმა არასასურველ პერსონად გამოაცხადა და მისი ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)