უშიშროების საბჭომ აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილა

აფხაზური მხარე გალის რაიონის ტერიტორიას და საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრს ნაღმავს, განაცხადა დღეს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ეს ინფორმაცია გადამოწმების პროცესშია.


”ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ გაეროს დამკვირვებლებთან და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ ვინაიდან ეს ყოვლად დაუშვებელია,”- განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს, ”იქ ხალხი გადაადგილდება და  თითოეული დაზიანებულ ადამიანზე ან ღმერთმა არ ქნას მსხვერპლზე, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც აფხაზურ მხარეს, ისე რუს სამშვიდობოებს, რომელთა თვალწინ ხდება ეს უკანონობა”.


ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების როტაციის საფარქვეშ სამხედრო ძალებისა და ტექნიკის მობილიზაცია ხდება.


საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას შეფასებით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება პროვოკაციის საფრთხის შემცველია.


”ჩვენ ყურადღებით და მშვიდად ვადევნებთ სიტუაციას თვალყურს და იმედი გვაქვს, ჩვენი მეზობლის [რუსეთის] კეთილგონიერების, ”- განაცხადა ლომაიამ, ”ვფიქრობთ, რომ ვითარების დაძაბვა არ შედის ნამდვილად არავის ინტერესებში”.


ამასობაში, აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რაიმე განსაკუთრებული დაძაბულობა არ შეინიშნება.


”თქვენ იცით, რომ რუსეთის სამშვიდობო ბატალიონების როტაცია პერიოდულად ხორციელდება. მაგრამ ჩვენი მცდელობები საზღვარზე სიტუაცია გავაკონტროლოთ საქართველოში არსებულ შიდა ვითარებას უკავშირდება,” – განუცხადა აშუბამ ქართველ ჟურნალისტებს მოსკოვში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)