ნათელაშვილი დენის და გაზის გადასახადებს მსხვილ ბიზნესმენებს გადაახდევინებს
ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში მოსახლეობას გაათავისუფლებს ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადისაგან, რომელსაც მსხვილი ბიზნესმენები დაფარავენ მათთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღების სანაცვლოდ.
”ამ ფუნქციას თავის თავზე აიღებენ ის მილიარდერი ბიზნესმენები, რომლებსაც ეს ფული ქრთამის სახით მიაქვთ დღეს სააკაშვილთან… მის სტრუქტურებთან და ეს ქრთამი უკვე გადაიქცევა სიკეთის წყაროდ ხალხისთვის შუქის და გაზის თანხის დაფარვის მიმართებით,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტების ლიდერმა.
მან თავისი წინასაარჩევნო ინიციატივის ფარგლებში ასევე განაცხადა, რომ აპირებს გაანახევროს ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები.
ამჟამად, კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე მთელი საქართველოს მასშტაბით ტარიფი 50-55 თეთრის ფარგლებში, ხოლო კვტ/სთ ელექტროენერგიაზე დიფერენცირებული ტარიფი 13-17 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)