ბურჯანაძეს არჩევნების გაყალბებაზე ოპოზიციის რიტორიკა აშფოთებს
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ”უპასუხისმგებლობას” უწოდებს ოპოზიციის მიერ წინასწარ გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ხელისუფლება გააყალბებს.
”შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ არჩევნები მოიგო,”- განაცხადა 13 დეკემბერს ბურჯანაძემ ოპოზიციის მისამართით, ”თუ გაგიყალბებენ, მაშინ ამაზე არც ვლაპარაკობ, მაგრამ თუ არ გააყალბებენ, წინასწარ ერთი თვის განმავლობაში რატომ იძახი ამას?
ოპოზიციური პოლიტიკოსების უმეტესობამ უკვე გააკეთა განცხადებები ხელისუფლების მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე და ასეთ შემთხვევაში 6 იანვრისთვის მოსახლეობას აქციისაკენ მოუწოდა.
”ძირითადად კამპანია მიდის, რომ იქ პრობლემა შეგვიქმნეს, იქ რაღაცა ისე არ არის როგორც საჭიროა და მოემზადეთ 6 იანვრისთვის. ძალიან მაშფოთებს, არ დაგიმალავთ, ასეთი განწყობა, ”- განაცხადა ბურჯანაძემ დღეს პედაგოგებთან შეხვედრის დროს, ”ყველასთვის მისაღები არჩევნების შედეგები ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში… აუცილებლად იქნებიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელი იქნება სხვების გადაწყვეტილება. უბრალოდ, აქ არის მნიშვნელოვანი ის, თუ რა პროცენტი იქნება ამ ადამიანებისა”.
”თუ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად და სამართლიანად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევნების შედეგებს,”- დასძინა მოქმედმა პრეზიდენტმა.
მან ასევე გაიხსენა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები, რომლის გაყალბებაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ”ვარდების რევოლუციის” მიზეზი გახდა.
”ზუსტად ვიცოდით, რომ ხელისუფლება 2003 წლის არჩევნებს ნამდვილად გააყალბებდა, მაგრამ… არც ერთხელ ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვემზადებოდით 4 ნოემბრისთვის [აქციების გასამართად],”- აღნიშნა ბურჯანაძემ, რომელიც რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)