პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი მისი კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვს
პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი ხელისუფლებას მოუწოდებს ხელშეუხებლობის გარანტიები მისცეს პატარკაციშვილს, რათა ის ჩამოვიდეს თბილისში და დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია.
თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმაზე მეტ გარანტიებს, ვიდრე კანონი ითვალისწინებს პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის, ვერ გასცემს.
”ყველა სარგებლობს თანაბარი უფლებებით და ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, შეუძლია ჩამობრძანდეს და მიიღოს მონაწილეობა ”- აცხადებს კონფლიტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძე, რომელიც იმავდროულად მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერია, ”ვერცერთი უფლებამოსილი ორგანო ვერ დაპირდება ვერავის კანონით განსაზღვრულზე მეტს ან ნაკლებს”.
საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს პრეზიდენტობის კანდიდატების ხელშეუხებლობას და იცავს მათ დაპატიმრებისაგან იმ შემთხვევაში, ”თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა”.
პატარკაციშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ვალერი გელბახიანი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ”არ მისცეს პატარკაციშვილს ამ არჩევნებში ფიზიკურად მონაწილეობის უფლება და აუკრძალოს და შეზღუდოს მისი კონსტიტუციური უფლება”.
”დიპლომატიურ მისიებს ვთხოვთ იმუამდგომლონ და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, რომ საჭიროა იმუნიტეტის უზრუნველყოფა,”- აცხადებს გელბახიანი.
მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომამდე განაცხადა, რომ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ არ აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე და ყველას მიეცემოდა კენჭისყრის საშუალება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)