მთავრობა 2008 წლის განახლებულ ბიუჯეტის პროექტს ”რამდენიმე კვირაში” წარადგენს
2008 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი ”მომდევნო რამდენიმე კვირაში” წარედგინება პარლამენტს განსახილველად, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა 14 დეკემბერს დეპუტატებს.
საქართველოს მთავრობამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით, 2008 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილველად ოქტომბერში წარუდგინა. თუმცა, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 22 ნოემბერს, მისი ამ პოსტზე დამტკიცებისას განაცხადა, რომ ბიუჯეტს ახალი სოციალური ორიენტირების შესაბამისად შეადგენდა.
”ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მთავრობის კურსიც შეიცვალა… მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მომდევნო რამდენიმე კვირაში იქნება წარდგენილი,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
კანონის თანახმად, ბიუჯეტი პარლამენტმა ახალი ფისკალური წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 13 დეკემბერს ტელეკომპანია ”იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობა ”დამატებით 300 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს მთავრობის ახალი სოციალური ინიციატივებისთვის”.
ადრე მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი შემცირდებოდა. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან პრემიერმა თავი შეიკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)