ოპოზიციურმა კანდიდატებმა უფასო სარეკლამო რგოლების გაშვება დაიწყეს
პრეზიდენტობის სამმა ოპოზიციურმა კანდიდატმა – ლევან გაჩეჩილაძემ, დავით გამყრელიძემ და შალვა ნათელაშვილმა – უფასო სატელევიზიო რეკლამების კამპანია დაიწყო.
სამივე მათგანი აქამდე მხოლოდ ტელეკომპანიების მიერ გამოყოფილ თავისუფალ საეთერო დროს იყენებდა. კანონის თანახმად, თითოეულ ”კვალიფიციურ საპრეზიდენტო კანდიდატს” (ანუ იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, რომელთაც წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე 4%-იანი ბარიერი გადალახეს) კერძო ტელეკომპანიამ უნდა მისცეს 90-წამიანი უფასო საეთერო დრო ყოველ სამ საათში, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – 60-წამიანი უფასო საეთერო დრო ყოველ საათში.
ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ათწამიან სატელევიზიო რეკლამაში ნაჩვენებია, თუ როგორ არბევს პოლიცია ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციას 7 ნოემბერს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სატელევიზიო რეკლამაში ნაჩვენებია პარტიის მიერ 5 დეკემბერს ორგანიზებული აქცია, რომელსაც თან გასდევს დევიზები: ”უფასო ჯანდაცვა”, ”უფასო განათლება”, ”გაზრდილი პენსიები”.
”ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის რეკლამაში ისმის კითხვა: ”როგორი პრეზიდენტი გინდათ რომ გყავდეთ?” და შემდეგ რამდენიმე ამომრჩეველი პასუხობს: ”სიმპათიური”, ”პატიოსანი”, ”ადამიანი, რომელიც ქვეყანაზე იზრუნებს”.
ამასობაში, მიხეილ სააკაშვილი ერთადერი საპრეზიდენტო კანდიდატი რჩება, რომელიც აქტიურ სარეკლამო კამპანიაში სარგებლობს როგორც უფასო, ისე ფასიანი სარეკლამო მომსახურებით. ამ რეკლამების უმეტესობას საინფორმაციო სიუჟეტის ფორმატი აქვს და დაახლოებით ოთხი წუთი გრძელდება. მათში ასახულია სააკაშვილის ვიზიტები რეგიონებში და თითოეულ ვიზიტს ცალკე რეკლამა ეძღვნება.
სააკაშვილის კამპანიის ფარგლებში ასევე გადის რეკლამა, რომელიც შეიცავს ვიდეო კლიპს მომღერალ ზუმბას შესრულებით.
ამჟამად, გადაღების პროცესშია ახალი ვიდეო-კლიპი, რომელიც სააკაშვილს ეძღვნება. კლიპს სახელწოდებით ”მიშა მაგარია” სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის გოგა ხაჩიძის მიერ დაწერილ სიმღერაზე იღებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)