ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოზე იმსჯელებს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარიზში გაემგზავრა, სადაც 18 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში, რომელზეც საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების და გაყინული კონფლიქტების საკითხები განიხილება.
მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებას მათიას იორში და კასტრიო ისლამი წარადგენენ. მოხსენებაში ასახული იქნება ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე 9-10 ნოემბერს მათი საქართველოში ვიზიტის შედეგები.
მომხსენებლები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რასაც 5-7 დეკემბრის ვიზიტის დროს ადგილზე გაეცნნენ.
”მე არ შემიძლია წინასწარ გავახმოვანო მოხსენების შინაარსი, თუმცა ვიტყვი, რომ ის საკმაოდ ობიექტურია,”- განაცხადა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ პარიზში გამგზავრებამდე.
მასთან ერთად მონიტორინგის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დეპუტატი მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერია, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია და ლევან ბერძენიშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)