გაჩეჩილაძემ GWS-ის აქციები გაყიდა
ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ “საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელელების” (GWS) კომპანიაში კუთვნილი 9% აქციები გაყიდა.
გაჩეჩილაძის აქციები და ასევე გია მშვიდობაძის მფლობელობაში არსებული აქციათა 1% კომპანიის 90%-ის წილის მფლობელმა კომპანია Pernod Ricard-მა შეისყიდა.
“კომპანიის ქართველმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს აქციების გაყიდვა, რომლის საერთო მოცულობაც 10%-ს შეადგენდა,” – განუცხადა GWS-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გია მშვიდობაძემ ჟურნალისტებს 19 დეკემბერს თბილისში Pernod Ricard-ის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე.
გარიგების თანხა არ დასახელებულა. “დეტალები ჯერ კიდევ კონფიდენციალურია, თუმცა მოგვიანებით ეს იქნება გამოქვეყნებული,” – განაცხადა მშვიდობაძემ.
აქციების გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე, 6 დეკემბერს გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის კომპანიაში თავისი წილი აქციების გაყიდვას გეგმავდა წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. მაშინ გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თითქოს გაჩეჩილაძე 49%-ის მფლობელი იყო.
კომპანია GWS-ი გაჩეჩილაძემ 1994 წელს ჩამოაყალიბა. კომპანიის წარმოების პიკი იყო ხუთი მილიონი ბოთლი ღვინო წელიწადში, 15 მილიონი აშშ დოლარის ბრუნვით.
“წარმოება ამ ბოლო დროს საგრძნობლად შემცირდა, დაახლოებით ერთ მილიონამდე ბოთლი წელიწადში, თუმცა ის ხმები რომ თითქოს კომპანია გაკატორების პირასაა აბსოლუტურად უსაფუძვლოა,” – განაცხადა მშვიდობაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)