’პატარკაციშვილის დასაჭერად მტკიცებულება გააყალბეს’
ხელისუფლებამ ყალბი მტკიცებულება შექმნა, რათა პრეზიდენტობის კანდიდატის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დაგეგმილი დაპატიმრება გაემართლებინა, განაცხადა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბმა 20 დეკემბერს.
დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ნოემბერში დააპატიმრეს ყოფილი სამართალდამცავი და მოგვიანებით აიძულეს ყალბი ჩვენება მიეცა პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს ჩვენება პირადად ეხებოდა პატარკაციშვილს, რომელიც თითქოსდა შეთქმულებისთვის იარაღის შეძენას აფინანსებდა.
ვალერი გელბახიანმა, რომელიც პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ჟურნალისტებს უჩვენა ვიდეომასალა, სადაც გადამდგარი პოლკოვნიკი რევაზ ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ ის აიძულეს ყალბი ჩვენება მიეცა პატარკაციშვილის წინააღმდეგ.
გელბახიანმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ჩაკვეტაძე – რომელიც მოძრაობა ”მამულიშვილის” წევრია (მოძრაობა გასული წლის სექტემბერში შეიქმნა და ძირითადად სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს აერთიანებს) – 12 ნოემბერს დააპატიმრეს, თუმცა მისგან ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ გაათავისუფლეს.
”მათ შემომთავაზეს ორი ვარიანტი,”- აცხადებს ჩაკვეტაძე ვიდეომასალაში, ”პირველი იყო ციხე მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებს ჩამიდებდნენ, ხოლო მეორე იყო თავისუფლება იმ პირობით, რომ ვიდეოკამერის წინ ტექსტს წავიკითხავდი. ტექსტში ნათქვამი იყო, რომ 2 ნოემბერს პატარკაციშვილმა საპროტესტო აქციაზე 2 მილიონი აშშ დოლარი მისცა ხაინდრავას და რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ 10 მილიონი აშშ დოლარი იარაღის შესაძენად. შემდეგ ტექსტში ნათქვამი იყო, რომ 7 ნოემბერს, როდესაც საპროტესტო აქცია დაარბიეს, იგეგმებოდა შეთქმულება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების – პარლამენტის და კანცელარიის – აღებით… მე დავთანხმდი ამ ჩვენების მიცემაზე, რათა თავი დამეღწია ციხიდან”.
ვალერი გელბახიანის განცხადებით, ჩაკვეტაძე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. მისი თქმით, ვიდეო მასალა იმიტომ გავრცელდა, რომ დაესწროთ ხელისუფლებისთვის ჩაკვეტაძის ყალბი ჩვენების გავრცელება.
მმართველმა პარტიამ უკვე გააკეთა კომენტარი ამ ბრალდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
”ეს განცხადება მაგონებს ასლან აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც მუდმივად აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები იგეგმებოდა,” – განუცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”ახლა იგივე მეთოდი გამოიყენება და ეს მოულოდნელობას არ წარმოადგენს, რადგანაც იგივე ხალხი [მან გელბახიანზე მიანიშნა] იყო აბაშიძის გარემოცვაში… უმჯობესია საარჩევნო პროგრამის გარშემო დებატებში ჩართვა”.
16 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც დაცვის ორ ფირმას, რომლებიც კავშირში იყვნენ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ჰქონდათ განზრახული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)