ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ელის
ამჟამად არც ერთ კანდიდატს არ შესწევს უნარი ხმების 50%-ზე მეტი მოიპოვოს, რაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
”მე დარწმუნებული ვარ, მეორე ტური აუცილებლად ჩატარდება. ყველა მონაცემებით, არც ერთ კანდიდატს არა აქვს 50%-თან მიახლოებული ნდობა,” განაცხადა ზაქარეიშვილმა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 22 დეკემბერს გამოქვეყნდა, ”მეორე ტურში სააკაშვილი ცალსახად აგებს. ამიტომ სააკაშვილი პირველი ტურისთვის იბრძვის. სააკაშვილს და მის გუნდს გაუჭირდებათ წაგების აღიარება. აქ უნდა ჩაერიოს დასავლეთო და მას გარანტიები უნდა მისცეს. ოპოზიციამ უნდა განაცხადოს, რომ არ დაიწყება პირდაპირი დევნა. მხოლოდ სისხლის სამართლებრივ დევნაზე შეიძლება იყოს საუბარი. პოლიტიკური შეცდომების გამო დევნა არ უნდა იყოს”.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ ცოტა ხნის წინ იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი ხმების სულ ცოტა 60%-ს და შეიძლება მეტსაც მიიღებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ვარაუდი საზოგადოებრივ აზრის გამოკითხვას ეფუძნებოდა.
დეკემბერში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა – ერთი კვლევა BCG-მ ჩაატარა სააკაშვილის საარჩევნო შტაბის დაკვეთით, ხოლო მეორე მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციების კომპანიამ ACT.
BCG-ს კვლევის შედეგების თანახმად, რომლის დროსაც საქართველოს მასშტაბით 13,000 რესპონდენტი გამოიკითხა, ამომრჩეველთა 29.5%-ს არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის მისცემს ხმას, ხოლო 36.7% აცხადებს, რომ ისინი სააკაშვილს მისცემენ ხმას. მას მოყვება ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე 9.7%-ით; ბადრი პატარკაციშვილი – 4.7%; დავით გამყრელიძე – 3%; შალვა ნათელაშვილი – 2.5%; გია მაისაშვილი და ირინა სარიშვილი – 1%-ზე ნაკლები. 1%-მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ კანდიდატს არ მისცემენ ხმას.
იმ რესპონდენტთა 63%-მა, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ერთ-ერთ კანდიდატს მისცენ ხმა, განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილს მისცემენ ხმას. შემდეგ მოდიან ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი პატარკაციშვილი ხმების 16.7%-ით და 8.1%-ით შესაბამისად, ნათქვამია BCG-ს კვლევაში.
ACT-ის კვლევის თანახმად, 1,500 გამოკითხულთა 41% სააკაშვილს მისცემს ხმას. მას მოყვება გაჩეჩილაძე – 11.1%; ბადრი პატარკაციშვილი – 6.5%; შალვა ნათელაშვილი – 3.5%; დავით გამყრელიძე – 2.1%; გია მაისაშვილი და ირინა სარიშვილი – 1%-ზე ბევრად ნაკლები. 20.6%-ს არ გადაუწყვეტია, ხოლო 2.3% არც ერთი კანდიდატისთვის არ აპირებს ხმის მიცემას. იმ რესპონდენტთა 64%-მა, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ერთ-ერთ კანდიდატს მისცენ ხმა, განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილს მისცემენ ხმას. შემდეგ მოდიან ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი პატარკაციშვილი ხმების 17%-ით და 10%-ით, შესაბამისად.
ACT-ს ცნობით, კვლევა თავდაპირველად მხოლოდ კომპანიის ”ბიზნეს კლიენტებისა და პარტიორებისთვის” იყო გათვალისწინებული, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი აზრის ხშირი აპელირების გამო კომპანიამ მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა.
ოპოზიციური პარტიებმა გააკრიტიკეს საზოგადოებრივი აზრის კვლევები, როგორც მცდელობა იმ აზრის დასანერგად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს. განსაკუთრებულ კრიტიკის ქარცეცხლში BCG-ს კვლევა მოექცა. ოპოზიციის განცხადებით, ამ კვლევის ნდობა შეუძლებელია, რადგანაც ჯგუფის დირექტორი ანი თარხნიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ლევან თარხნიშვილის მეუღლეა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)