მედია მონიტორინგის ჯგუფმა ტელევიზიის მაუწყებლობაზე დებატები გამართა

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის სიუჟეტები გახდა 21 დეკემბერს მედია მონიტორინგის ჯგუფის სატელევიზიო განხილვების მთავარი თემა. ჯგუფი მედიის მაუწყებლობაში ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას აკონტროლებს.


ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია შვიდი ქართველი ჟურნალისტი, სამოქალაქო საზოგადოების და მეცნიერების წარმომადგენლები, პოლონელი აქტივისტი და ჟურნალისტი ადამ მიხნიკი ხელმძღვნაელობს.


განხილვების დროს, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა, ჯგუფის ექვსმა წევრმა (გია ნოდია არ ესწრებოდა) აღნიშნა, რომ ყველა ტელეკომპანიამ გაითვალისწინა პრინციპი, რომ არ ყოფილიყო მოწოდება ძალადობისკენ, სიძულვილი შემცველი საუბარი და ცილისწამება – ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რომელიც ჯგუფმა პრიორიტეტულად მიიჩნია ტელეკომპანიების მაუწყებლობის მონიტორინგის საქმეში.


თუმცა, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოველკვირეული გადაცემა P.S.-ის სიუჟეტის საკითხი დააყენა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს ეხებოდა და სადაც კახეთის რეგიონში ერთ-ერთი გამოკითხული გლეხი აცხადებს, რომ გაჩეჩილაძემ მას მიწა წაართვა. ქორიძის თქმით, მას შეექმნა წარმოდგენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება გლეხმა გაახმოვანა, იგი ბოროტად გამოიყენა ჟურნალისტმა წილისწამების სახით. ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ განაცხადა, რომ ეს უფრო მიკერძოებული გაშუქების მაგალითი იყო, ვიდრე ცილისწამებისა, რადგანაც თავად გაჩეჩილაძეს ამავე სიუჟეტში არ მიეცა საშუალება ეპასუხა ამ ბრალდებისთვის.


გასულ კვირას გაჩეჩილაძემ ”რუსთავი 2” მის წინააღდმეგ ”შავ PR კამპანიაში” დაადანაშაულა ამ სიუჟეტის გამო.


წინა კვირას გამართული შეხვედრის მსგავსად, ჯგუფის ეს შეხვედრაც ძირითადად მედიის როლის თეორიულ ასპექტებს მიეძღვნა. ამ კონტექსტში დავით პაიჭაძემ წამოწია პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ გაკეთებულ სატელევიზიო სიუჟეტებში,  როგორც მან უწოდა, ”ვიზუალური კონტექსტის და ვიზუალური მიკერძოების” საკითხი.


”მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ჩანს ტელეეკრანებზე ან ხალხის უზარმაზარი მასის წინ, ან ხალხის ვიწრო წრეში, მე ვგულისხმობ, როდესაც ის ხვდება ოჯახებს, რითიც ხაზს უსვამს, რომ მას პიროვნებებთან პირდაპირი კონტაქტები აქვს,” – განაცხადა პაიჭაძემ, ”მსგავსს ვერაფერს ვხედავთ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან მიმართებაში”.


ამასობაში, ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ ამგვარი ფარული გზავნილები ზოგიერთმა ტელეკომპანიამ სიტყვიერი ფორმითაც გააკეთა და მან ამის მაგალითად ”რუსთავი 2”-ის სიუჟეტი მოიყვანა, რომელიც ეხება ერაყში და კოსოვოში განლაგებული ქართველი ჯარისკაცებისთვის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას.   


”ჟურნალისტი სიუჟეტს ამთავრებს სიტყვებით: 5 იანვარს, როგორც მთელ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები ერაყსა და კოსოვოში ასევე მისცემენ ხმას თავიანთ მხედართმთავარს და პრეზიდენტს,” – განაცხადა ქორიძემ. იგი გულისხმობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის, სიუჟეტში მინიშნება სწორედ მასზე გაკეთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)