პატარკაციშვილის თქმით, მის წინააღმდეგ შეთქმულება იგეგმებოდა
ფარულად ჩაწერილი აუდიო ჩანაწერის თანახმად, ბიზნესმენისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა იგეგმებოდა, იტყობინებოდა The Sunday Times-ი 23 დეკემბერს.
გაზეთი, რომლის მფლობელიც News Corporation-ია (პატარკაციშვილის პარტნიორი მედია ჰოლდინგ ”იმედში”), აცხადებს, რომ Times-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აუდიომასალა, რომელიც შარშან ივნისშია ჩაწერილი, ეხება საუბარს, სავარაუდოდ, დაქირავებულ ჩეჩენ მკვლელსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეს შორის.
”მე ვიცოდი ამ ჩანაწერის შესახებ და მითხრეს, რომ ეს ძალიან სერიოზულია. მე 120 მცველი მყავს, მაგრამ ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის. მე ვერსად ვერ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და სწორედ ამიტომ ვერ ჩავდივარ საქართველოში,” – იტყობინება Sunday Times პატარკაციშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მე მითხრეს, რომ დაახლოებით 6 ან 8 კვირის წინ, საქართველოდან ლონდონში ოთხი ადამიანი ჩამოვიდა და დარჩა ლონდონში. მე მითხრეს, რომ ეს ხალხი გამოაგზავნეს, რათა ჩემს წინააღმდეგ რაიმე დაეგეგმათ”.
გაზეთის ცნობით, მკვლელობას უკვეთავდნენ ჩეჩენ მებრძოლს უვაის ახმადოვს, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გეგმის თანახმად მოქცეულიყო, ბიზნესმენის მოკავშირეები საუბრის შესახებ გააფრთხილა.
გაზეთის ამ მასალას წინ უძღოდა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის მიერ ვიდეო-მასალის გავრცელება, სადაც გადამდგარი ქართველი პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ის ქართველმა გამომძიებლებმა აიძულეს პატარკაციშვილის წინააღმდეგ ყალბი ჩვენება მიეცა.
პატარკაციშვილი, რომელიც უმეტესად ლონდონსა და ისრაელში იმყოფება, უარს აცხადებს საქართველოში ჩამოსვლაზე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მოტივით.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პატარკაციშვილი განზრახ იწვევს ამ აჟიოტაჟს, ერთის მხრივ, საქართველოს დისკრედიტაციის, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოში ჩამოუსვლელობის გამართლების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)