ირინა სარიშვილი
ირინა სარიშვილი, ერთადერთი ქალი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, 80-იანი წლების ბოლოდან არის ქართულ პოლიტიკაში ჩართული. იგი საზოგადოებამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წევრად გაიცნო.
სარიშვილი ნაკლებად აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევა. იგი არ მოუწოდებს ამომრჩევლებს მისცენ ხმა, მაგრამ მოუწოდებს მათ არ შემოხაზონ მიხეილ სააკაშვილის ნომერი 5 საარჩევნო ბიულეტენში.
სარიშვილმა, რომელიც იანვარში 45 წლის გახდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პირველი მეუღლე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია, რომელიც 1994 წელს მოკლეს. სარიშვილი იმავე თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა. ჭანტურიას გარდაცვალების შემდეგ სარიშვილი პარტიის ლიდერი გახდა. იმ დროს ის პარლამენტის წევრიც იყო.
1993 წელს მას რამდენიმე თვის მანძილზე ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. 1995 წელს იგი კვლავ გახდა პარლამენტის წევრი, თუმცა 1999 წლის არჩევნებში მისმა პარტიამ ვერ შეძლო 7%-იანი ბარიერის გადალახვა. პარლამენტში ყოფნის დროს, იგი ერთ-ერთი ინიციატორი იყო საარჩევნო ბარიერის 5%-დან 7%-მდე გაზრდისა.
სარიშვილმა თავისი პარტიის პარლამენტში შესაყვანად ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ნაბიჯი გადადგა, როცა 2003 წლის არჩევნების წინ მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პარტიასთან ალიანსში შევიდა. თუმცა, ”ვარდების რევოლუციამ” მისი გეგმები ჩაშალა. მოგვიანებით ის თანაპარტიელებმა გადააყენეს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
მას შემდეგ სარიშვილი ნაკლებად ჩანდა პოლიტიკურ არენაზე. თუმცა, 2006 წელს ისევ გამოჩნდა მას შემდეგ, რაც პარტია ”იმედი” ჩამოაყალიბა. ეს პარტია უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის პარტია ”სამართლიანობასთან” არის ალიანსში. გიორგაძე 1995 წელს ედუარდ შევარდაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გამო საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება. სარიშვილი სათავეში ჩაუგდა გიორგაძის საქველმოქმედო ფონდს საქართველოში. 2006 წლის სექტემბერში ამ ალიანსის ათობით აქტივისტი და ლიდერი იქნა დაპატიმრებული. მოგვიანებით ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობის გამო გაასამართლეს. ცოტა ხნის წინ სარიშვილმა განაცხადა, რომ ის ჩამოშორდა გიორგაძეს მისი პოლიტიკური პასიურობის გამო.
სარიშვილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს; ყველა დანარჩენი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.