”იმედის” ხელმძღვანელობა 20 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობა 20 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს, განაცხადა არხის საინფორმაციო გამოშვების ”ქრონიკის” წამყვანმა და მაყურებლებს დროებით დაემშვიდობა.


”იმედის საინფორმაციო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ზუსტად 8 საათზე იმედის ხელმძღვანელობა საგანგებო განცხადებას გააკეთებს,”- განაცხადა წამყვანმა 18 საათიან ”ქრონიკაში”, რითაც საინფორმაციო გამოშვება დასრულდა.

განცხადებას, სავარაუდოდ, არხის ხელმძღვანელი ბიძინა ბარათაშვილი და საინფორმაციო პროგრამების რედაქციის უფროსი გიორგი თარგამაძე გააკეთებენ.


”ქრონიკაში”15 საათზე წამყვანმა განაცხადა, რომ ”იმედის” ჟურნალისტები მუშაობის გაგრძელების თაობაზე განცხადებას მას შემდეგ გააკეთებდნენ, რაც არხის დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი ტელეიმედის კუთვნილებასა და მის პოლიტიკურ გეგმებზე პოზიციას გაახმოვანებდა. პატარკაციშვილის პრესსამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ბიზნესმენი საგანგებო განცხადების გაკეთებას 26 დეკემბერს გეგმავდა.


დღესვე ”იმედის” ექვსმა წამყვანმა ჟურნალისტმა ტელეიმედი დატოვა მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი შეთქმულების სკანდალში გაეხვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)