ახალი საკონსტიტუციო ინიციატივით პლებისციტის შედეგების გათვალისწინება სავალდებულო გახდება
პარლამენტი იწყებს პროცედურებს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვის თაობაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტს ექნება უფლება დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პლებისციტის შედეგების გათვალისწინებით, 60 დღით ადრე.
დღევანდელი კანონმდებლობით, პლებისციტის შედეგების გათვალისწინება სავალდებულო არ არის.
ამჟამად, კონსტიტუცია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბრის შუალედში ითვალისწინებს. თუმცა 5 იანვარს ტარდება პლებისციტი, სადაც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა ამ თარიღის გაზაფხულზე გადმოტანა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ცვლილებას საკანომდებლო ორგანო იანვრის ბოლოს განიხილავს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ბარიერის 7-დან 5%-მდე შემცირებას და პარლამენტის უფლებამოსილების ვადის 5 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. შესაძლოა ამ ცვლილებებს დაემატოს კერძო საკუთრების დამატებითი გარანტიების შესახებ დებულებები.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნას მიღებული არა მხოლოდ უმრავლეობის მიერ, არამედ ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით,”- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)