მთავრობაში საკადროსთან ერთად, სტრუქტურული ცვლილებებიც იქნება – გურგენიძე

პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დაადასტურა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან ერთად სტრუქტურული ცვლილებებიც იგეგმება, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.


”ერთი რაც შემიძლია ვთქვა სტრუქტურაში იქნება ცვლილებები და ერთი ვიცე-პრემიერის ნაცვლად ვიხილავთ რამდენიმეს,”- განაცხადა გურგენიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


8 იანვარს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს, განაცხადა, რომ მისი მომავალი მთავრობა იქნება ”ბევრად უფრო ყოვლისმომცველი” და მზადყოფნა გამოხატა, რომ ახალ მთავრობაში პოლიტიკური ოპონენტებიც მოიწვიოს. 


კონსტიტუციის მიხედვით, ახალი პრეზიდენტის ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა უნდა გადადგეს. მაქსიმუმ 10 დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)