ოპოზიციის ლიდერები პატრიარქს შეხვდნენ
პატრიარქთან საუბარი ვითარების რადიკალიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების საკითხებს შეეხო, განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ.
დღევანდელ შეხვედრას კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან ოპოზიციის თითქმის მთელი სპექტრი, მათ შორის ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, ლეიბორისტების კანდიდატი შალვა ნათელაშვილი და ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე ესწრებოდნენ.
”ლაპარაკი იყო, რომ ოპოზიცია იყოს მაგრად, ოპოზიცია იყოს ერთიანი და არ მივიღოთ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება,”- განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძემ, ”ტაქტიკაზე არ იყო ლაპარაკი და ის, რომ არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში რომ უსამართლო და ძალადობრივი სიტუაციაა – ამაზე არ იყო ლაპარაკი”.
გამყრელიძის განცხადებით, პატრიარქს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები არ გაუკეთებია.
”ეს ბუნებრივიც არის,”- აღნიშნა გამყრელიძემ, ”მისი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესები უნდა დავიცვათ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, პოზიციების რადიკალიზაცია და მშვიდობიანი გზით ვიპოვოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან”.
შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კომენტარს არ გააკეთებდა, თუმცა მაინც დასძინა, რომ საუბარი ”საერო საკითხებს” შეეხო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)