პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბათიაშვილი შეიწყალა
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ირაკლი ბათიაშვილმა დღეს საპყრობილე დატოვა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.
ბათიაშვილი კოდორის ხეობაში 2006 წლის ზაფხულში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის გამო იხდიდა შვიდწლიან სასჯელს. ამ ბრალდებით იგი 2006 წლის 29 ივლისს დააპატიმრეს.
თუმცა ირაკლი ბათიაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და სასამართლო პროცესს პოლიტიკურს უწოდებდა. სახალხო დამცველის აპარატმა აგვისტოში საქმის შესწავლის შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ბათიაშვილის წინააღმდეგ ”უსამართლო” იყო და არასაკმარისი მტკიცებულების საფუძველზე იქნა მიღებული.
ბათიაშვილის გათავისუფლება ოპოზიციური კოალიციის მიერ ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს წამოყენებულ ოთხ მოთხოვნას შორის იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)