სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილია რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობები, რომელიც გაუმჯობესებას მოითხოვს.

”ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ურთიერთობების ლღობა უნდა დაიწყოს ამ სიცივეში… ჩვენ უნდა დავიწყოთ დათბობა ჩვენი ურთიერთობებისა, იმიტომ რომ ეს არ არის ნორმალური. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილი, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადას უკავშირდება, არის რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობები,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ამჯერად მე არ დავიწყებ დაკონკრეტებას, ვინ არის დამნაშავე.  კითხვა უნდა დაისვას ვინ არის დამნაშავე კი არა, არამედ როგორ გადავწყვიტოთ ეს? რა გავაკეთოთ? ვინ არის დამნაშავე ამაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. ახლა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდეს”. 

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ
პუტინი მოახერხებს საქართველოში ჩამოსვლას. 9 იანვარს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინს ინაუგურაციაზე იწვევს.

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 13 იანვარს შეაჯამებს და თუ მიხეილ სააკაშვილი გამოცხადდება მეორე ვადით არჩეულად, რაზეც წინასწარი მონაცემები   53% უკვე მეტყველებს, ინაუგურაცია 20 ან 21 იანვარს შედგება.

”ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი პუტინი გამონახავს დროს, საშუალებას და გაუჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით ამას,”- განაცხადა სააკაშვილმა.   







This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)