ქართული მხარე რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას ცდილობს
ქართულმა მხარემ რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს გადასცა წერილი რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტრის გენადი ონიშენკოს სახელზე, სადაც მზადყოფნას გამოთქვამს მოიწვიოს კომპეტენტური კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების წარმოების პირობებს.
რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების მიზნით ელჩთან შეხვედრა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ქათამაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელი, ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან კობერიძე და სხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები.
რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მიზნით მოლაპარაკებების განახლების სურვილი 7 იანვარს გამოთქვა.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს პროდუქციის ”უხარისხობის” მოტივით აკრძალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)