ბურჯანაძე ადასტურებს მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების დეტალები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი, განუცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 16 იანვარს ჟურნალისტებს. 
 
”არის გარკვეული მოსაზრებები, რომ გარკვეული რეორგანიზაცია მოხდეს მთავრობაში, საკადრო გადაადგილებებზე მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და მეც მოგახსენეთ, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ სამთავრობო გუნდში, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც, იგივე მომავალ საპარლამენტო გუნდშიც და ამ ცვლილებების შესახებ თქვენ ინაუგურაციის შემდეგ გაიგებთ. და რა თქმა უნდა პრეზიდენტი იქნება ის ადამიანი, ვინც პირველ რიგში გეტყვით ინფორმაციას ამის თაობაზე,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
 
მან თავი შეიკავა სხვა დეტალების გახმოვანებისგან. ბურჯანაძემ ასევე აარიდა თავი პირდაპირ პასუხს კითხვაზე იმ ვარაუდებთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ვიცე-პრემიერების პოსტებს ოპოზიციას სთავაზობს. ბურჯანაძემ, სააკაშვილის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი მზადაა სამთავრობო პოსტები ინდივიდუალურ პროფესიონალებს შესთავაზოს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა.


პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 9 იანვარს განაცხადა, რომ მომავალ მთავრობაში ერთის ნაცვლად რამდენიმე ვიცე-პრემიერის პოსტი იქნება.


ქართული მედიის ვარაუდით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შესაძლოა შეეხოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელშიც ამჟამად უშიშრობის სამსახურიც შედის. ოპოზიცია დიდი ხანია მოითხოვს ამ ორი ორგანოს განცალკევებას და ამჟამინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს ”მონსტრს” უწოდებს.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)