პატარკაციშვილზე ძებნა გამოცხადდა – გენერალური პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილზე ძებნა გამოაცხადა, იტყობინება გენერალური პროკურატურა 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.


იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილს  დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 10 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადებაში.


პატარკაციშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ 16 იანვარს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ ის სააპელაციო სასამართლოში აპირებს განაჩენის გასაჩივრებას. მისი თქმით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. შავგულიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება გამოაცხადოს საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძებნა.


პატარკაციშვილი ძირითადად ბრიტანეთსა და ისრაელში იმყოფება. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ქეთი ახალკაცმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ექსტრადიციის დაუყონებლივ მოთხოვნა მოსალოდნელი არ არის. ”ფორმალური პროცედურებისთვის საჭიროა, პირველ რიგში განისაზღვროს მისი ადგილსამყოფელი; მხოლოდ შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ექსტრადიციის მოთხოვნა შესაბამისი ქვეყნის სახელზე,” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)