ქართველი დეპუტატები სეპარატისტი ლიდერების საპარლამეტო ასამბლეაზე მოწვევის წინააღმდეგ არიან
ქართულმა დეპუტაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერების საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოწვევისა.
ქართული ტელეკომპანიები 23 იანვარს იტყობინებიან, რომ ინიციატივა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერების სტრასბურგში მიწვევის თაობაზე სომხეთის დელეგაციას ეკუთვნის, რუსეთმა კი მას მხარი დაუჭირა. რუსეთი ადრე უკვე რამდენჯერმე შეეცადა დაერწმუნებინა გაეროს უშიშროების საბჭო მოესმინა სეპარატისტი ლიდერებისთვის, თუმცა ეს მცდელობები საქართველოს დასავლელმა მოკავშირეებმა ჩაშალეს.
ტელეკომპანია ”მზე” 23 იანვარს იტყობინება, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი იზიარებს ინიციატივას დე ფაქტო ლიდერების ევროპის საბჭოში მოწვევის თაობაზე. მისი თქმით, ”ვითარებაში უკეთ გასარკვევად სასურველია დე ფაქტო ლიდერების არგუმენტები პირადად მოისმინონ”.
ტელეკომპანია ”მზემ” ტერი დევისის განცხადება გააშუქა, რომელიც მან ქართველ ჟურნალისტებთან სტრასბურგში საუბრისას გააკეთა. ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. ტერი დევისმა, ქართული თარგმანის თანახმად, განაცხადა: ”რაც შეეხება ინიციატივას [სეპარატისტების მოწვევის თაობაზე], დიალოგის ყველა ფორმა უნდა იქნას გამოყენებული ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად. დეტალები კიდევ შესათანხმებელია”.
”მათი მოწვევა, რა თქმა უნდა სისულელეა,” – განაცხადა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან და საქართველოს დელეგაციის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, ”სომხეთის დელეგაცია ამ შემთხვევაში სწორი არ არის. არასოდეს აქ, სანამ არსებობს საქართველო, მისი ტერიტორიული მთლიანობა – ყოველ შემთხვევაში ჩვენი თანხმობა ამაზე არ იქნება – არ იქნება მოწვეული არც ბაღაფში და არც კოკოითი. არც ერთის ადგილი აქ არ არის, თუ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ უნდა. ამ კონკრეტულ საკითხში, ვერ ვხედავ რაიმე შეუთანხმებლობას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის”.
”ეს მოთხოვნა არა ერთხელ გაჟღერებულა აქ,” – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნინო ნაკაშიძემ, ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის მცდელობები არის პროვოკაციული ხასიათის”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)