ყველა პროგრამა გადაიხედება, რაც საზიანოა ხალხისთვის – ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი სანდრო კვიტაშვილი, რომელიც ახალი სახე იქნება მთავრობაში, აცხადებს, რომ მისი მინისტრობის მთავარი მახასიათებელი იქნება მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ყველა იმ პროგრამის გადახედვა, რომელიც საზიანოა მოსახლეობისათვის.


ამის შესახებ დღეს დილით აშშ-დან დაბრუნებული მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე საუბრობდა. კვიტაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ლადო გურგენიძის ახლო მეგობარია, ბოლო 6 წელი ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტში მუშაობდა. ის სამშობლოში მინისტრად წარდგენის გამო დაბრუნდა.


”ჩემი უწყება იქნება გახსნილი და ღია, რომელიც მოემსახურება ხალხს, ყველა ქმედება იქნება გამჭირვალე,”- განაცხადა კვიტაშვილმა, ”აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ინფომირებულობაზე მათივე უფლებების თაობაზე, რადგან ამ მხრივ ძალიან დიდი ვაკუუმია”.


კვიტაშვილი ასევე აპირებს პროფესიონალების მონაწილეობით შექმნას სპეციალური საბჭო, რომელიც ჯანდაცვის პოლიტიკას შეიმუშავებს.


”ყველა გადაწყვეტილება იმ ადამიანების მონაწილეობით იქნება მიღებული, ვისაც უშუალოდ შეეხება ესა თუ ის რეფორმა,”- განაცხადა კვიტაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ მას პრიორიტეტად ესახება სადაზღვევო სისტემის მასშტაბურად ამოქმედება და უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისაკენ მიმართული ღონისძიებები.


”ვფიქრობ, დასაქმების პროგრამა გაგრძელდება, მხოლოდ ბევრად უფრო გააზრებულად და სპეციფიური მიმართულებებით სტრუქტურული უმუშევრობის დაძლევის მიზნით,”- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.


ახალ მთავრობას და მის პროგრამას სახელწოდებით – ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”, რომელიც კომიტეტების უმრავლესობამ მოიწონა, პარლამენტი 30 იანვარს გამოუცხადებს ნდობას.

მინისტრობის კანდიდატების განხილვაში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო. გამონაკლისი იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 28 იანვარს, სადაც მრეწველთა ფრაქციის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ მიიღო მონაწილეობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)