გაბაშვილისთვის ოპოზიციის ტონი გაუგებარია
კოტე გაბაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტიიდან, მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მემორანდუმის შემუშავება და მოთხოვნების შესრულების კატეგორიულ ტონით დაყენება საპარლამენტო არჩევნებისთვის საპროტესტო ელექტორატის შენარჩუნებისთვის დასჭირდა.
”სურვილი, რომ ამ პროტესტულ ტალღაზე თავისი საპროტესტო ელექტორატი შეინარჩუნოს ოპოზიციამ, ამისთვის კეთდება და არა იმისთვის, რომ მართლა რაღაც გამოსწორდეს,”- განუცხადა დღეს გაბაშვილმა ”რუსთავი 2”-ს, ”ის, რაც მართლა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას წაადგება და ადამიანებს წაადგება, იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი და უნდა გაირკვეს, მაგრამ სრულებით გაუგებარია ჩემთვის ამ ტონში, ამ სტილში – წაყენებული მოთხოვნების აუცილებლობის სტილში ლაპარაკი”.
მემორანდუმზე, რომელიც 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ 17-პუნქტიანი მოთხოვნების სახით 29 იანვარს გამოაქვეყნა, მმართველ პარტიას ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუცია. დეპუტატები უმრავლესობიდან აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის.
თუმცა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ჯერ ოპოზიციას დიალოგის თაობაზე არანაირი შეთავაზება არ მიუღია.
ოპოზიცია მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 15 თებერვლიდან პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)