საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ურთიერთობებზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ 31 იანვარს სატელეფონო საუბარი გამართა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან. 


”მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დიალოგის გაღრმავებისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისათვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისათვის,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.


საუბრისას, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შედგა, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ მან გადაწყვიტა თავისი პირველი ოფიციალური საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თავის რუს კოლეგასთან გამართოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო შეტყობინებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის მზადყოფნა იმუშავოს ”კონსტრუქციულად” ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 იანვარს განაცხადა, რომ 20 იანვარს თბილისში გამართული შეხვედრის დროს ის ლავროვთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის ორგანიზების თაობაზე  შეთანხმდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)