ქართულმა დიპლომატიამ აქცენტი კოსოვოს თემაზე უნდა გააკეთოს – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 თებერვალს განაცხადა, რომ ქართული დიპლომატიის მთავარი გამოწვევა იქნება ის შედეგები, რაც კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას შესაძლოა მოჰყვეს.


ეს განცხადება პრეზიდენტმა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის საგარეო უწყების თანამშრომლებთან წარდგენისას გააკეთა.


”მე მინდა ყველას გვესმოდეს, საქართველო იმყოფება ძალიან, ძალიან რთულ პერიოდში საგარეო თვალსაზრისით,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”შემდეგ კვირას ყველა ინდიკაციაა, რომ უახლოეს დღეებში, უხლოეს კვირაშიც დაიწყება კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი დასავლეთის მიერ. ეს უქადის ჩვენ ქვეყანას ძალიან სერიოზულ ქარიშხალს და შტორმს. ჩვენი ქვეყანა, ყოველთვის როცა კარგად ვიმუშავეთ, ყველანაირი ქარიშხლიდან და შტორმიდან გამოვიდა უფრო გაძლიერებული და უფრო განმტკიცებული. ეს შესაძლებელია, თუ ყველა გააცნობიერებს, რომ ჩვენ ერთ-ერთი ელიტური უწყების თანამშრომლები კი არა ვართ, არამედ ვართ ჯარისკაცები, რომელთაც ქვეყანა უნდა გადაარჩინონ”.


”მე მგონი ეს გააზრება კარგად უნდა ჩამოყალიბდეს,”- მიმართა მან საგარეო უწყების თანამშრომლებს, ”მე მგონი ეს გააზრება არ არის ჩამოყალიბებული  – ამასაც პირდაპირ გეუბნებით”. 

იმავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყებაში უნდა გაძლიერდეს რუსეთის დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების აწყობაზე.

სააკაშვილმა ბაქრაძის ახალი მოადგილედ გია ვაშაძე, როგორც თავად აღნიშნა, ”დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატი” წარადგინა, რომელიც მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1988 წლამდე.  

”მან იცის ძალიან კარგად ჩვენი ტრადიციული და მთავარი პარტნიორის, ამ ეტაპზე, რუსეთის პოლიტიკა და მე მინდა მან ამ მიმართულებით იმუშავოს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა ზოგიერთი საელჩოს მუშაობით, თუმცა არ დააკონკრეტა რომელ ელჩს გულისხმობდა. 

იმავდროულად, პრეზიდენტმა შეაქო გაწეული მუშაობისთვის  საგარეო უწყების ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც დაზვერვის სამსახურს ჩაიბარებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)