სააკაშვილი: პენსიები გაზაფხულზე უნდა გაიზარდოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მინიმალური პენსია გაზაფხულზე უნდა გაიზარდოს, ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 1 ოქტომბრისა.


მინიმალური პენსია საქართველოში 1 დეკემბრიდან 55 ლარს შეადგენს. მისი გაზრდა 76 ლარამდე ნავარაუდევი იყო  მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან. თავის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში მინიმალური პენსია ეტაპობრივი ზრდით 100 აშშ დოლარს გაუტოლდებოდა. 


”გაზაფხულზევე უნდა დავიწყოთ პენსიის შემდგომი ზრდა საქართველოში,”- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილმა, ”დამატებითი ფული უნდა მიემართოს ძირითადად სოციალურ მიზნებზე”.


მან ასევე მოუწოდა ახლად დამტკიცებულ მთავრობას, რომ ”საქართველოს სიღარიბის გარეშე” ამოცანის პირველი შედეგები 50 სამუშაო დღის განმავლობაში დაიდოს.

”დადებთ შედეგს, გავაგრძელებთ მუშაობას,”- მიმართა მთავრობის წევრებს სააკაშვილმა, ”ვერ დადებთ შედეგს, ვერც მეგობრობა და ვერც სხვა რაიმე ნიშანი არავის გარანტიას არ აძლევს, რომ მთავრობაში წინსვლა ექნება ან შეინარჩუნებს თავის ადგილს”.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი მთავრობა დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმით.


”მე არ მჭირდება ”არის, ბატონო პრეზიდენტო” მთავრობა,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”მე ვაფასებ მთავრობის ისეთ წევრებს, რომელსაც შეუძლიათ კამათი, თავისი აზრის დაცვა, თავის დამოუკიდებელი პოზიციის დაკავება, რომელიც ეფუძნება პატრიოტიზმს”.

მან ასევე მოუწოდა მინისტრთა კაბინეტს საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგისაკენ.

”ხალხის ჩვენ განგვსჯის არა უბრალოდ იმ რეიტინგებით, რომელიც ჩვენ მაღალი გვაქვს,”- აღნიშნა სააკაშვილმა, ”ხალხი ჩვენგან ელის კიდევ უფრო ენერგიულ, აქტიურ, კიდევ უფრო ქმედით მუშაობასა და კონკრეტულ შედეგებს”.



 





 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)