გუბერნატორების ნახევარი შეიცვლება – სახელმწიფო მინისტრი

მოქმედი გუბერნატორების ნახევარი შეიცვლება, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალურ საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა 2 თებერვალს.


მისი თქმით, შიდა ქართლის გუბერნატორს ვლადიმერ გეგელაშვილს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო ვარძელაშვილი შეცვლის. თუმცა, სხვა ცვლილებებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. ”დანარჩენი ცვლილებები ერთ ან ორ დღეში გახდება ცნობილი,” – განუცხადა ტყეშელაშვილმა ”რუსთავი 2”-ს.


ტყეშელაშვილი მთავრობის ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელის რანგში გუბერნატორების საქმიანობას კურურებს. გუბერნატორებს პრეზიდენტი ნიშნავს. სულ ცხრა გუბერნატორია შემდეგ რეგიონებში: გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი. აჭარას მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, რომელსაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო ნიშნავს, ხოლო თბილისის მმართველია მერი, რომელსაც ქალაქის საკრებულო ირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)